„კლასიკური ფილოლოგია საინტერესო, ღრმა და მრავლისმომცემი დარგია. იგი ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სიღრმისეული ცოდნა მისთვის საინტერესო ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ვინაიდან კლასიკური ფილოლოგია მხოლოდ ვიწრო ფილოლოგიურ საკითხებს არ მოიცავს, იგი მრავალ სხვა მეცნიერებასა და დარგთანაა დაკავშირებული.
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მსურდა ჩემი ცხოვრება ამ პროფესიასთან დამეკავშირებინა. ვფიქრობ, ყოველმა ადამიანმა მისთვის საყვარელი საქმე უნდა აკეთოს, ჩემთვის კი ასეთი საქმე ელინისტიკა აღმოჩნდა.
უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე საოცარ ემოციასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას მაძლევს მრავალ საინტერესო ავტორსა და ნაწარმოებს გავეცნო. განსაკუთრებით სასიამოვნო და საყვარელ საქმიანობად კი ბერძნული და ლათინური ენებიდან თარგმნა მიმაჩნია.
ვფიქრობ, ელინისტიკა ჩემი თაობისთვის საინტერესო დარგია. ყოველ ადამიანს შეუძლია მასში აღმოაჩინოს რაღაც განსხვავებული და მომხიბლავი. იგი, ერთი მხრივ, გვეხმარება მივიღოთ საინტერესო და სასარგებლო ცოდნა, მეორე მხრივ კი – გამორჩეულ და განსაკუთრებულ პიროვნებად გვაყალიბებს.
ალექსანდრე ალექსიძის სახელობითი სტიპენდია ჩემთვის დიდი სტიმულისა და მოტივაციის მომცემია და ამასთან – უზარმაზარი პასუხისმგებლობაცაა. ამისთვის გულითად მადლობას ვუხდი ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდს. ასევე მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული ლექტორის მიმართ – ჩემთვის გაწეული შრომის, თანადგომის, ზრუნვისა და ყურადღებისათვის. მათი ღვაწლი ჩემთვის მუდამ სამაგალითო და მისაბაძი იქნება და შევეცდები, იმედები გავუმართლო თითოეულ მათგანს.“

„ელინისტიკა ჩემთვის ხომალდთა კატალოგია: უპირველეს ყოვლისა ჰომეროსი: „ილიადას“ ბრძოლის ჟინით და კლეოსის სურვილით ანთებული ხომალდი. მას გვერდში მიჰყვება „ოდისეა“ – მშობლიურ მიწას დანატრებული ხომალდი, ნოსტოსის ფათერაკებით შეძრული და აიოლოსის ქარიშხლით შთანთქმული; სამუშაოებსა და დღეებში დაღლილი ხომალდი და ამ მუშაობით გაკეთილშობილებული; ტრაგიკული ხომალდი, რომლის ეკიპაჟი ტირილით იწმინდება, ზოგი თვალების დათხრით, ზოგიც ძმის დამარხვით და მასთან ერთად საკუთარი თავის; კომიკური ხომალდი, რომელიც სიცილით იწვევს კათარზისს; სიბრძნის ხომალდი და მასზე დადევნებულ მოაზროვნეთა ხომალდი, რომელსაც ფილოსოფია ჰქვია. ბიზანტიური ხომალდი – კლასიკური ტრადიციისა და კეთილი ამბის მემკვიდრე და მაუწყებელი. მათ გვერდში კი თვალს შეავლებ უამრავ საუცხოო და მშვენიერ გემს, რომელთაგან თითოეულს თავისი თვითღირებულება აქვს. ჩემთვის ასეთ კატალოგთან ასოცირდება ელინისტიკა და მისი ბოლომდე აღწერა არის ჩემთვის ერთდროულად ამოუწურავი და სახალისო საქმე.
ჩემი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე დაკავშირებული იყო რაღაცასთან: ფილოსოფია და ქრისტიანობა. აქედან პირველის გასაცნობად ჩავაბარე ბაკალავრიატზე ფილოსოფიის მიმართულებით, მეორეს სხვადასხვა გზებით ვეცნობოდი. ბაკალავრიატზე სწავლისას დავინტერესდი ანტიკური ფილოსოფიით და ელინისტიკით. ჩემი ეს ინტერესი განაპირობა ძირითადად ქალბატონი ლელა ალექსიძის ლექციებმა და იმ ენთუზიაზმმა, რაც რამდენიმე მეგობარს აღმოგვაჩნდა ელინიზმის მიმართ. ამიტომ მეორეულ „პროფესიად“ ავირჩიე კლასიკური ფილოლოგია და შევეჭიდე ძველი ენების და (ძველი) კულტურის სწავლას. პროცესში კი გავაცნობიერე, რომ ჩემი ორი ცხოვრებისეული ინტერესი თურმე სადღაც იკვეთება და მათი გადაკვეთის წერტილი არის ბიზანტიური კულტურა, რომელმაც იმემკვიდრა ბერძნული ფილოსოფია და ააგო იგი ახალი რეველაციის შუქზე. ვფიქრობ, ბიზანტია და მისი კულტურა საკმაოდ მდიდარია აზროვნებითი თვალსაზრისით და ამ მხრივ მასში ჯერ კიდევ ბევრი შეიძლება აღმოვაჩინოთ და დავინახოთ.
დარგთან ჩემი გამოცდილება, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებმაც მე რაღაც მასწავლეს ამ სფეროში. ბაკალავრიატზე ფილოსოფიის მიმართულებით ეს იყო ქ-ნი ლელა ალექსიძე, კლასიკურ ფილოლოგიაზე კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პირველ კურსზე ბატონი რისმაგ გორდეზიანის ლექციებზე დასწრებას. ასევე განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქ-ნ ქეთევან აბესაძესთან შეხვედრა, რომლის ლექციების გავლის შემდეგ შევძელი „გამეგო“ ძველი ბერძნული და კიდევ უამრავი პროფესორი და კოლეგა, რომელსაც აქ ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი.
ჩემი კვლევის სფერო ეხება გვიან ანტიკურობას. წინა მაგისტრატურაზე, ბუდაპეშტში, ვმუშაობდი სვინესიოს კვირენელის ჰიმნების გავლენაზე პროკლეს ჰიმნებსა და ფსევდო დიონისე არეოპაგელის წერილებზე (the hymns of synesius of cyrene in their christian and platonic context). ამჟამად, ვსწავლობ მაგისტრატურაზე ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით. სამომავლოდაც ვაპირებ ამ პერიოდის ირგვლივ მუშაობას. პლატონურ-არისტოტელური (და არა მხოლოდ) გავლენების წარმოჩენას ქრისტიან მამებსა და მოაზროვნეებზე, თუ რა სახე ჰქონდა და როგორ ტრანსფორმირდებოდა დროთა განმავლობაში ქრისტიანული ეპისტემოლოგია, რომლის გამოვლენის პირველი და უმნიშვნელოვანესი ტოპოსი იყო ბიზანტიური კულტურა.
ვფიქრობ, ჩემს თაობას აქვს შესაძლებლობათა ისეთი სიმრავლე, რომ მათი უბრალოდ წარმოდგენისგანაც კი შეიძლება თავბრუსხვევა დაგემართოს. სახლიდან გაუსვლელად (მით უმეტეს იზოლაციაში) შეგვიძლია ყველაფერი ვისწავლოთ, ყველაფერი წავიკითხოთ ან წაკითხვის ნაცვლად სულაც მოვისმინოთ. თუმცა ჩნდება სხვა პრობლემები, რასაც კიდევ უფრო ძლიერად ვამჩნევ, მაგალითად – ჩემს მოსწავლეებში: გაფანტულობა, გულმავიწყობა, ვიკიპედიური ცოდნა და არა ანალიზი და, რაც მთავარია, ტრენდული აზროვნება, რაც გემოვნების დეგრადაციასაც იწვევს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის საპირწონედ ძალიან საინტერესოა ის, რასაც ელინისტიკა გვთავაზობს. დაბნეულობა თუ გულმავიწყობა მარტივად დაიძლევა თუნდაც მხოლოდ ლათინური ენის შესწავლის პროცესში, რომელიც რომანული ენებისკენაც (და არა მხოლოდ) გაგიხსნის გზას. პლატონის „ფედონის“ ან „გორგიასის“ წაკითხვის შემდეგ კი მიხვდები, რომ მხოლოდ ფეისბუქ პოსტების დამახსოვრება და მათი რეციტაცია საკმარისი არ არის. ფილოსოფიური ტრადიცია მიგახვედრებს, რომ აზროვნება და (უბრალოდ) დამახსოვრება განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ აზროვნება ძალისხმევაა, რომლის შესახებ არც ფეისბუქზე და არც ვიკიპედიაზე არაფერი არ წერია, მის შესახებ წერენ ის ადამიანები, რომელთა აზროვნება იყო მათი ცხოვრება. ვფიქრობ, ჩემს თაობაში, სადაც ყველაფერი უკვე ინდივიდუალურ და პიროვნულ დონეზეა, საჭიროა პიროვნული თუ ინდივიდუალური რენესანსი – ელინური კულტურის გემოს გაგებით კეთილშობილური და დაღვინებული გემოვნების გამომუშავება.
ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ჯილდო ახალგაზრდა მეცნიერთათვის ჩემთვის მოულოდნელობასთან იყო დაკავშირებული, არ ველოდი მის მიღებას, შემდეგ უბრალოდ სიხარულთან და ბოლოს გაცნობიერებულ პასუხისმგებლობასთან. თავად ალექსანდრე ალექსიძე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერწყმოდეს ერთმანეთს დარგობრივი პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი თუ პიროვნული მოღვაწეობა. მისი საქმე მნიშვნელოვანი იყო, ერთი მხრივ, იმით, რომ იგი ახალ სიტყვას ამბობდა ბიზანტიური კულტურის კვლევაში, როგორც ამას ვხედავთ, მაგალითად, მის ნაშრომში xi–xii საუკუნეების ბიზანტიური ლიტერატურა ხოლო, მეორე მხრივ, ამ ადამიანის მოღვაწეობას ქართული კულტურისა და ერისათვის სულიერი მნიშვნელობაც ჰქონდა – მისი ნაშრომი „ათონი ათასწლოვანი“ პირდაპირ აკავშირებდა და ახსენებდა ქართველებს იმ სულიერ კერას, რომელთან კავშირიც გაწყვეტილი იყო. ის ადამიანები, ვინც შთაგონებულები და ინსპირირებულები იყვნენ მისი ლექციებითა თუ პიროვნებით დღეს ჩემი ლექტორები და პედაგოგები არიან – ამგვარად მოაღწია მისგან მომდინარე მუხტმა ჩემამდეც.
ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ჯილდოს მიღება ჩემთვის კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ერთი ადამიანის მოღვაწეობას დარგისა და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის და იმას, თუ ვისზე შეიძლება გქონდეს სწორება შენს დარგში. ჩვენს შემთხვევაში კი ასეთი სწორედ ალექსანდრე ალექსიძეა.“

„ადრეული პერიოდიდანვე, ქართულ მწერლობასთან ერთად, ბერძნულენოვან, უპირველესად კი ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურასთან კავშირი ჩემთვის პიროვნული სრულყოფისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პირდაპირ წყაროდ იქცა. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსზე სწავლისას ელინისტიკა, ბერძნული ლიტერატურის აქტიური კვლევა ინტერესის ძირითადი სფერო გახდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი პიროვნული განვითარებისა და სიხარულის საგანი სამომავლო პროფესიასაც შეერწყა.
ანტიკური და ბიზანტიური პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოების გაცნობასთან ერთად, შეძლებისდაგვარად შევისწავლე ძველი ბერძნული ენა. ბაკალავრიატში სწავლისას სხვადასხვა საგნის ფარგლებში გამოვიკვლიე ქრისტიანულ სფეროსთან დაკავშირებული არაერთი საღმრთისმეტყველო, ისტორიული თუ ტერმინოლოგიური საკითხი. ქართული ფილოლოგის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებელი ნაშრომი კი ქართულ-ბერძნულ ურთიერთობათა კვლევას დავუკავშირე – კერძოდ, გადმოვწერე, კრიტიკულად დავადგინე და მრავალი კუთხით შევისწავლე ბერძნული ენიდან მე-9 საუკუნეში ქართულად თარგმნილი დღემდე გამოუქვეყნებელი წმ. ამონა მონაზვნის ასკეტიკურ-მისტიკური ეპისტოლეები. სამომავლოდ, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის მაგისტრატურაში სწავლის საწყის ეტაპზე ვგეგმავ ეპისტოლეთა ბერძნულ ტექსტთან შედარებას, მასთან დაკავშირებული საკითხების გამოკვლევასა და თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნას. ვეცდები მაგისტრანტობისას კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა ბიზანტიურ მწერლობასა და ბერძნულ ენაში, შევისწავლო ლათინური და ახალი ბერძნული ენები, რაც, სამომავლოდ, უფრო აქტიური და მრავალმხრივ მუშაობის საშუალებას მომცემს.
საკუთარი მისწრაფებიდან და მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცოდნის მიღების მსურველ ახალგაზრდებს ელინისტიკის მიმართ ინტერესი თვალსაწიერის მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მისცემს, დაეხმარება როგორც პროფესიული წინსვლის საქმეში, ასევე პიროვნულ განვითარებაში. ელინისტიკის შესწავლის საგანი არასდროს კარგავს აქტუალობასა და უდიდეს მნიშვნელობას, გაძლევს რა საშუალებას უღრმავდებოდე უაღრესად მრავალფეროვან, ღრმააზროვანსა და ნატიფ ბერძნულ კულტურას, რომელიც ყოველთვის, თითქმის ყველა ერისთვის, მათ შორის – ჩვენი ერისა და კულტურისთვის, მეცნიერებისა და ხელოვნების ძირითად საზრდოს წარმოადგენდა. ბერძნულ ლიტერატურაში საუკეთესოდ არის გაანალიზებული ყველა ის საკითხი, რომელიც ადამიანის სულიერ და ზნეობრივ სრულქმნას ემსახურება.
ალექსანდრე ალექსიძის – სახელოვანი ელინისტის სახელობის ფონდის სტიპენდიატობა ჩემთვის ერთდროულად დიდი პატივი და საპასუხისმგებლო საქმეცაა, ეს კი უფრო მეტად მიმაღლებს მოტივაციას შევისწავლო ბერძნული მწერლობა.“