შაბათს, 29 თებერვალს ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის – ზურაბ ვაჩეიშვილის საჯარო ლექცია „ნიკოს კაზანძაკისი და საქართველო“.

შეხვედრა დაიწყო ცნობილი ბერძენი პოეტის – კიკი დიმულას გახსენებით. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კიკი დიმულას ხსოვნას, პოეტის შესახებ კი ისაუბრეს ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ და მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ. ქართული საზოგადოება კიკი დიმულას მისივე ლექსის „მშვიდობით არასოდეს“ ქართული თარგმანით გამოემშვიდობა.

დოქტ. ზურაბ ვაჩეიშვილმა საინტერესოდ ისაუბრა ნიკოს კაზანძაკისის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ყურადღება გაამახვილა მწერლის კავშირზე საქართველოსთან და კაზანძაკისის ნაწარმოებების ქართულ თარგმანებზე.

მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა ნიკოს კაზანძაკის რომანმა  “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”, რომლის მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ და მომხსენებელმა ზურაბ ვაჩეიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცეს საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი დაეთმო ცნობილი ბერძენი რეჟისორის – მიხაილ კაკოიანისის ფილმის “ბერძენი ზორბას” ჩვენებას, რომელიც ნიკოს კაზანძაკისის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

საღამოს ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ქალბატონი დარეჯან მუმლაძე, ასევე საბერძნეთის ახალგაზრდა ელჩი კონსტანტინა დოლიძე. საელჩოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა  ათენის ქართული ინსტიტუტს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

ათენის ქართული ინსტიტუტი საბერძნეთში არსებული პირველი ქართული სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციია, რომელიც ინტენსიურად მართავს საჯარო ლექციებს, დისკუსიებს, სემინარებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ბერძნულ-ქართული ისტორიული, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გასამყარებლად.

საჯარო ლექციის ჩანაწერი იხ. ბმულზე