„მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!“

შოთა რუსთაველი

 

იყო დროროდესაც ამ ქალაქს ბუების ქალაქს უწოდებდნენმოგვიანებით იგი თესევსის ქალაქად იქცამერე დიდი ხნის განმავლობაში იცვლიდა ეპითეტებს მანამსანამ სულ რამდენიმე წლის წინერთი შეხედვით ერთობ უცნაურმაგრამ მის თანამედროვე მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს მდგომ ზედწოდებას არ მიიღებდა და ფილოსოფოსთა ქალაქი გაფიცულთა და მომიტინგეთა ქალაქად არ იქცეოდაარ ვიცი რისი ბრალიამისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულად დიდი მიზიდულობის ძალისა თუ მისთვისვე დამახასიათებელი პარადოქსებისა და პარადოქსული ადამიანების სიჭარბისამაგრამ ფაქტი კი ერთია – არ მეგულება ადამიანირომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც შემოფეთებოდეს გზად აკროპოლისი და მყისვე ათენური ვირუსის მსხვერპლი არ გამხდარიყოსჩემი (ისევე როგორც აღნიშნული ვირუსის მატარებელთა უმრავლესობისდა მისი მეგობრობა ნამდვილად სცდება უბრალო ქალაქისა და ადამიანის ურთიერთობის ფარგლებს და დაახლოებით იმგვარი სიყვარულის ჩარჩოებში ექცევაამ ორიათას ხუთასიოდე წლის წინ, აკადემიის ეზოში რომ განუმარტავდა თავის მოწაფეებს ბრძენი მოძღვარისწორედ ამიტომ, მინდა ათენზე გიამბოთქალაქზერომელმაც დრო დაამარცხა.

 

 

ათასობით წლის წინ, ერთმა უცნაურმა არსებამ, სახელად კეკროპსმა, ყველაზე ლურჯი ზღვის სანაპიროსთან ახლოს, პატარა ქალაქი დააარსა, რომელსაც 57 წლის განმავლობაში მართავდა. იმ ადგილს ჯერ კეკროპიად, შემდეგ კი აკროპოლისად ხმობდნენ მოკვდავნი. ერთხელაც კეკროპსის ქალაქის მფარველობა ორმა ღმერთმა მოიწადინა, ერთი ათენა იყო, მეორე კი პოსეიდონი. ატყდა ღვთაებრივი დავა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გამხდარიყო კეკროპსის ქალაქის მფარველი ღვთაება და ვინაიდან კამათს დასასრული არ უჩანდა, კეკროპსმა გადაწყვიტა ღმერთებს შორის აგონი მოეწყო – ვინც საუკეთესო ძღვენს მისცემდა ქალაქის მკვიდრთ, მისი მფარველობაც მას დარჩებოდა. პოსეიდონისთვის სამკაპის მიწაზე ერთი დაკვრა აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ კლდოვანი ზედაპირიდან ღვთებრივი წყალი ამოღვრილიყო. „აჰა, თქვენ წყალი, საწყისი სიცოცხლისა“ – ბრძანა ზღვის ღმერთმა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა, კეკროპიას მკვიდრთ ძღვენი გადასცა. ჯერი ათენაზე მიდგა. ყველა მოუთმენლად ელოდა ქალღმერთის საჩუქარს. უეცრად კლდიდან პატარა ყლორტი ამოიზარდა, რომელმაც ჯერ ტოტები გამოისხა, ხედ იქცა, შემდეგ საოცარი, მომწვანო ფერის ფოთლებით შეიმოსა და ბოლოს კი უცნაური ნაყოფით დაიხუნძლა. „ეს ზეთისხილის ხეა. იგი დაგიცავთ მზის მცხუნვარებისგან ზაფხულში და მისი ტოტები გაგათბობენ ზამთარში. ეს ხევე გიბოძებთ ნაყოფს, რომლითაც შიმშილს და წყურვილს მოიკლავთ“ – თქვა ათენამ და მისთვის ჩვეული სიდინჯით გადგა გვერდზე. ქალაქის მადლიერმა მაცხოვრებლებმა ქალღმერთის პატივსაცემად თავიანთ ქალაქს ათენი უწოდეს, ზეთისხილის ხე წმინდა მცენარედ შერაცხეს და ქალაქის სიმბოლოდაც ქალღმერთის წმინდა ფრინველი – ბუ აირჩიეს.

აკროპოლისზე, ათენა პართენოსის ტაძრის გვერდით, იქ სადაც ოდესღაც მეფე კეკროპსმა ქალაქის გასაშენებლად პირველად შემოსაზღვრა შემაღლებული ბორცვის მიწა და საკუთარ სამსხვერპლოდ აქცია, ერთი პატარა ხე დგას – ზეთისხილის ხე. ათენელთა წარმოდგენით, ეს სწორედ იმ ზეთისხილის ხის მემკვიდრეა, რომელიც ოდესღაც ქალღმერთმა აღმოაცენა მათთვის. ათენელებს უყვართ მითები, ეს მათი წარსულია, მათი აწმყო და მომავალი. ამიტომაც ათენში უამრავ სიმბოლოს შეხვდებით, რომლებსაც ისე მარტივად და ჩვეულებრივად შეუძლიათ გამოგზაურონ ისტორიული რეალობიდან მითოლოგიურ რეალობაში, რომ ამისთვის სულაც არაა საჭირო გენიალურ რეჟისორთა და გამოცდილ ფოტოგრაფთა კამერები. ამ ქალაქში მითები ყოველგვარი დამხმარე იარაღის გარეშეც ცოცხლდებიან და უფრო მეტიც, ისინი ისე ერწყმიან აწმყოს, თითქოს არც ათასწლეულებს ჩაევლოს და არც ზღვარი არსებობდეს გამოგონილსა და არსებულს შორის. ერთი მიზეზი, თუ რატომაც იზიდავს ათენი ათასი ჯურის ადამიანს, სწორედ მისთვის დამახასიათებელი დიაქრონიზმია, რომლის წყალობითაც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებისა და მითებით გაჯერებული ეპოქები აქ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თანაარსებობენ და ათენის ქუჩებში მოსეირნე ადამიანს არაფერი აბრკოლებს საიმისოდ, რომ აწმყო და წარსული ერთნაირად ცოცხლად შეიგრძნოს.

არსებობს მეორე მითიც, უფრო სწორად კი საყოველთაოდ გავრცელებული რწმენა იმის შესახებ, რომ აკროპოლისის ბორცვი იმ ადგილთა რიცხვს განეკუთვნება, რომელნიც კოსმიური ენერგიის მატარებელ ადგილებადაა შერაცხული. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს რწმენა სიმართლეს, მაგრამ ერთი კი ცხადია – როგორც კი აკროპოლისს მიუახლოვდები, გრძნობ, რომ უცნაური ძალით ივსები, გრძნობ, რომ აქ რაღაც სხვა სამყაროა და ამიტომაც გინდა კიდევ და კიდევ მიუახლოვდე, რომ მისი ენერგიის მატარებელი შენც გახდე.

მიუხედავად არაერთი არსებითი ცვლილებისა, რომლებმაც ბოლო ათასწლეულების განმავლობაში სამყარო დღევანდელობამდე მოიყვანეს და რომელთა საერთო დინებაში, ცხადია, ათენიც იმთავითვე ჩაერთო, საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით აქ ბევრი არაფერი შეცვლილა – იგი იმავე ღირებულებების მატარებელ ქალაქად დარჩა, რაზედაც ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ისტორიკოსები, პოეტები და ფილოსოფოსები მოგვითხრობდნენ:

ათენის გული აკროპოლისია. აქ 25 საუკუნეზე მეტია უამრავი მლოცველი მოდის, რათა ყველა ის სიწმინდე მოიხილოს, რასაც ეს პატარა ბორცვი იტევს. ანტიკურ ეპოქაში ადამიანები აკროპოლისზე ჯგუფებად ამოდიოდნენ და საყოველთაო დღესასწაულის მონაწილენი ხდებოდნენ. დღესაც ასეა – აქ ჯგუფებად მოდიან სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოსული ადამიანები, რათა საყოველთაო დღესასწაულის მონაწილეებად იქცნენ. ზოგი ამას აცნობიერებს, ზოგიც საკუთარ გზას ტურისტულ მოგზაურობად ნათლავს, თუმცა როგორც კი პართენონს მიეახლებიან, მაშინვე ნებით თუ უნებლიედ, იმ მრავალსაუკუნოვან რიტუალში ერთვებიან, რომელსაც დიდი ათენური დღესასწაული ჰქვია. რიტუალის მთავარი შემადგენელი ნაწილი, დრო რომ ვერაფერს აკლებს, არის საოცარი მოწიწება, რაც ათენურ სიწმინდეთა მომხილველთ მეტყველების უნარს დროებით ართმევს და მთლიანად ღმერთების ნებას უმორჩილებს. ათენში რიტუალი ისევ ცოცხლობს და ყველა, ვინც აქ მოხვდება, მისი მონაწილე ხდება.

 

 

აკროპოლისიდან მოჩანს ზღვა, ლაჟვარდოვანი ზღვა, რომლის ნათლობაც მაშინ მოხდა, როდესაც ჭაღარა ეგეოსის დაუდევარ შვილს – კრეტადან გამარჯვებით დაბრუნებულ თესევსს, თავის ხომალდზე თეთრი აფრების გაშლა დაავიწყდა, რის გამოც დამწუხრებულმა მამამ ზღვის ტალღებს მისცა თავი. სწორედ ეგეოსის ზღვისკენ პირმიქცევით აღმართეს ძველმა ათენელებმა აკროპოლისზე ათენა პრომაქოსის ანუ წინმებრძოლი ათენას ქანდაკება, რომლის ოქროს ფარის ბრწყინვალება მრავალი კილომეტრით დაშორებული იმ ძველი ნავსადგომიდანაც მოჩანდა, სადაც ეგეოსმა დაასრულა სიცოცხლე. აქაც თითქოს არაფერი შეცვლილა – მართალია ათენას ქანდაკება დღეს აღარ დგას, მაგრამ ათასობით ტურისტის ფოტოკამერების ნათება დაახლოებით იმავე ეფექტს ქმნის, როგორსაც ათენას ფარის ბრწყივალება ახდენდა შორიდან მომზირალთათვის.

აკროპოლისის დასავლეთით მდებარეობს პნიქსი – ადგილი, რომელთანაც უშუალოდაა დაკავშირებული თანამედროვე სამყაროში, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი და საჭირო ძველი ბერძნული სიტყვა – დემოკრატია. ის, რომ ათენი დემოკრატიის სამშობლოა, საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა. სწორედ პნიქსზე იკრიბებოდნენ ხოლმე ძველი ათენელები და თავიანთი ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავდნენ. განსაკუთრებული გამართლება არ სჭირდება იმას, რომ ათენში ძველ პნიქსზე თავშეყრილ ათენელთა სულისკვეთება შეიგრძნოთ – ამისთვის საკმარისია ოდნავ ზემოთ გადაინაცვლოთ, სინტაგმას მოედანზე, იქ, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს და მიხვდეთ, რომ არც ამ თვალსაზრისით შეცვლილა ბევრი რამ ათენში. ათენელები ისევ იკრიბებიან, თან უფრო ხშირად, ვიდრე უწინ და ისევ აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ ამგვარ შეკრებებს უწინ თუ „ეკლესიად“ ხმობდნენ, დღეს „დემონსტრაციებს“ უწოდებენ. განსხვავება მხოლოდ ესაა. მერე რა, რომ ხშირად ამგვარი ათენური „ეკლესიები“ ხელჩართული ბრძოლის ასპარეზად იქცევა ხოლმე – ათენელებს სჩვევიათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. თუ ეს ბრძოლა სიტყვით არ გამოსდით, მაშინ თავიანთ საომარ გამოცდილებას მიმართავენ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ათენში ჩამობრძანებული, აკროპოლისზე აფრიალებულ უზარმაზარ პლაკატებს თუ იხილავთ. იცოდეთ, რომ ეს საკუთარი უფლებების დამცველი ათენელების ერთ-ერთი „ეკლესიაა“ და მეტი არაფერი.

როგორც აღვნიშნე, ათენი პარადოქსების ქალაქია, ოღონდ ათენური პარადოქსების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ისინი უჩვეულოდ არ გეჩვენებიან იმ წუთიდან, როგორც კი გააცნობიერებ მათ ლოგიკას. მახსოვს, ათენში პირველად ჩამოსულმა, გადავწყვიტე ფეხით მომევლო ქალაქი და სასეირნოდ გამოვედი. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, უნივერსიტეტის წყალობით, ექვსწლიანი ბერძნული გავლენით დამუხტული ადამიანის მოლოდინი, როდესაც პირველად აღმოჩნდება იმ სამყაროში, რასაც აქამდე მხოლოდ წიგნებიდან იცნობდა. ხოდა, მეც დარწმუნებული იმაში, რომ ათენის ქუჩებში ცოცხალ აქილევსებს, ოდისევსებს, სოკრატეებს, პლატონებს, ესქილეებსა და ა.შ. შევხვდებოდი, აღფრთოვანებული სახით შევცქეროდი ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს, რის გამოც მათ გაოცებულ მზერას ვიმსახურებდი. ერთი რამ იმთავითვე გამიკვირდა: ხალხი რომელიც გარეთ მოძრაობდა გარეგნულად სრულიად განსხვავდებოდა იმ ტიპაჟებისგან, როგორადაც მე ბერძნები წარმომედგინა. ამას დაერთო ისიც, რომ ენა, რომელზედაც ამ ხალხის უმრავლესობა საუბრობდა, სულაც არ ჰგავდა ბერძნულს. და ასე, აქილევსებისა და ელენეების ძებნაში, უეცრად ჩემი ბავშვობიდან გადმოტყორცნილ ბელადისთავიან პლაკატებს რომ გადავაწყდი და მოგვიანებით კომუნისტების შეკრებაზე აღმოვჩნდი, პირველი შეგრძნება რაც გამიჩნდა იყო ეჭვი – მართლა საბერძნეთში ვიყავი თუ არა. ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ პერიკლესის ქალაქში ლენინის გამოსახულებიანი პლაკატებით შეიარაღებულ მომიტინგეებს შორის აღმოვჩნდებოდი. დროთა განმავლობაში ამ პარადოქსმაც ლოგიკური ელფერი შეიძინა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს – დემოკრატიის სამშობლოში ლენინის გამოსახულებიანი პლაკატებით მოარული ბერძნების ხილვა, როგორ შეიძლება ლოგიკური იყოსო. საქმე იმაშია, რომ საბერძნეთი სწორედ იმის გამო ინარჩუნებს დემოკრატიულ სულს, რომ აქ თითოეული ადამიანის პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსი კონკრეტული ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულებად აღიქმება, რაც ყველაზე დიდ პატივისცემას იმსახურებს ათენურ საზოგადოებაში. აქ ისევე დაუბრკოლებლად თანაარსებობენ კომუნისტური, მონარქისტული, შოვინისტური და გნებავთ, ფაშისტური მსოფლმხედველობები, როგორ დაუბრკოლებლადაც თანაარსებობს მითი და სინამდვილე. და ალბათ, სწორედ ესაა ძველი და თანამედროვე ათენური დემოკრატიული აზრის მთავარი მიღწევაც.

ათენის ერთ-ერთი უმთავრესი, პარადოქსული ადგილი აკროპოლისთან ახლოს მდებარე ომონიას მოედანია. ამ მოედნის სახელწოდება, რაც ქართულად „თახმობას“, „ერთსულოვნებას“ ნიშნავს, საოცრად ეხმიანება მოედნის დღევანდელ ფუნქციას. აქ ყოველდღიურად და განსაკუთრებით კი კვირაობით, თითქმის ყველა ეროვნების ათასობით ადამიანი იკრიბება და ერთა შორის საჯარო თანხმობის მაგალითებს იძლევიან. ერთ რამედ ღირს იმის ცქერა, თუ როგორი წარმატებით ახერხებენ ერთმანეთში მორიგებას სრულიად განსხავებული ენობრივი სივრცის წარმომადგენლები. აქ ბერძნულის გარდა კიდევ უამრავი ენის მოსმენა შეგიძლიათ, მათ შორის, ქართულისაც. ომონია ერთ-ერთი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა ათენური სინამდვილე სრულად შეიგრძნო – სინამდვილე, რომელიც უკიდურესობათა შერწყმის შედეგად იქმნება. ზოგადად, არაბერძნული ეროვნების მქონე ადამიანთა სიჭარბე ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი ის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია, რაც მას კულტურათა გზაჯვარედინად აქცევს. ათენი რეალურად ხომ სწორედ სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მიერ შექმნილი კულტურის მატარებელი ქალაქია. ჯერ კიდევ თუკიდიდესი წერდა თავის „პელოპონესის ომის ისტორიაში“, რომ მე-5 საუკუნის ათენის მაცხოვრებელთა უმეტესობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მონები შეადგენდნენ, მაშინ როდესაც ათნელ მოქალაქეთა რიცხვი მათზე 3-ჯერ მცირე იყო. ძველი ათენელებისა რა მოგახსენოთ და, თანამედროვე ათენელებთან ურთიერთობა კი ერთი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ საოცრად გულღია, მხიარული და ადვილად საურთიერთო ხალხია, ათენელებს ორი უმთავრესი და თან სასიცოცხლო მნიშვნელობის გასართობი აქვთ – ყოყლოჩინობა და დაუსრულებელი ლაპარაკი. პირველი ბევრი ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებს ახასიათებთ, მათ შორის თბილისელებსაც. მეორეს რაც შეეხება, ამ საკითხში ათენელებს ვერავინ შეედრება. არ იფიქროთ, რომ ლაპარაკში უბრალო საუბარი იგულისხმებოდეს, არა! უფრო ზუსტად ამ ფენომენს სიტყვა “სიბრძნისმეტყველება” აღნიშნავს, ოღონდ პირდაპირი გაგებით – სიბრძნის მეტყველება. ათენელები სულ ამტკიცებენ და მათი ღრმა რწმენით, ბრძნულადაც. როდესაც რომელიმე ათენელი რამეს გიმტკიცებს, შემიძლია მთელი დამაჯერებლობით ვთქვა, რომ ყველა იმ მეთოდს იყენებს, რასაც პლატონის დიალოგებში ვხვდებით.

ათენის კიდევ ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა მისი ღამეული ცხოვრებაა. აქ ნამდვილი ცხოვრება სწორედ ღამით იწყება, როდესაც ღია კაფეები თუ კლუბები ხალხით ივსება და მთელი ქალაქი გართობის ერთიან ნაკადში იძირება. ე.წ. “პოტოზე” (ანუ სასმელზე) გასვლა ხომ ათენის მკვიდრთათვის უმნიშვნელოვანესი ღამეული რიტუალია. დღის განმავლობაში აკროპოლისის, მისი მიმდებარე არქეოლოგიური ადგილებისა და მუზეუმების მოხილვით დაღლილ ტურისტებს შორს წასვლა არ სჭირდებათ საიმისოდ, რომ თისიოს ღია კაფეებიდან ღამეული აკროპოლისის ხედი უზოს თანხლებით დააგემოვნონ. სწორედ ღამის კაფე-ბარებმა შეითავსეს ძველი ათენური აგორას ფუნქციაც: ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ათენური საზოგადოებრივი ცხოვრება თუ აგორაზე ჩქეფდა, დღეს ამ მნიშვნელობის მატარებელნი ღამის ათენის კაფე-ბარებია. აქ არაერთ სოკრატეს წააწყდებით. მათ შეუძლიათ მხოლოდ რამდენიმე შეკითხვით გამოგიყვანონ წყობილებიდან ან სამუდამოდ თავის თაყვანისმცემლებად გაქციონ.

კიდევ ერთი პარადოქსი ახასიათებს ამ ქალაქს: ათენში დრო საოცარი სისწრაფით გარბის, მაგრამ ისე, რომ მისი სვლა ყველასთვის შეუმჩნეველი რჩება. ათენის ქუჩებში საათებს იშვიათად შეხვდებით, დიდი-დიდი ანტიკურობიდან შემორჩენილი მზის საათი შემოგხვდეთ სადმე, რომლის ამოკითხვის ხელოვნებასაც ძალიან ცოტა თუ ფლობს. ათენელებისთვის, დანარჩენი სამყაროსგან განსხვავებით, ცხოვრება დროის საზომი ერთეულით კი არა, სიამოვნებათა ერთეულით აითვლება. ათენური კალენდრის ყოველ კვირას 3 უწმინდესი დღესასწაული აქვს – პარასკევის საღამო, შაბათი და კვირა დღე. ამ დღეებში ქალაქის მკვიდრთ ერთი საფიქრალი აქვთ – სად და როგორ დახარჯონ მათი ცხოვრების საზომი ერთეულები. ათენში დროის წუთებითა და საათებით ათვლას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც ქალაქის ქუჩებში ავტომობილების დაუსრულებელი რიგები ჩნდება და საცობებს ქმნის. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ ათენელებს დროის არსებობა, მაგრამ იმწამსვე ივიწყებენ, როგორც კი აღნიშნული საცობებიდან თავს დააღწევენ. ათენმა დრო ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაამარცხა და სწორედ ამით აიხსნება ალბათ ის დიაქრონიზმიც, ზემოთ რომ ვსაუბრობდით.

ათენი უცნაური არიქიტექტურის მქონე ქალაქია. მისი არქიტექტურის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ერთი კონკრეტული სტილი არ გააჩნია. ესეც ქალაქის მრავალფეროვანი კულტურის ერთ-ერთი გამოვლინებაა. აქ ანტიკური ეპოქის რომელიმე ძეგლს ერთი მხრიდან, შესაძლოა, თამედროვე, მინებიან-რკინებიანი შენობა ამშვენებდეს, მეორე მხრიდან – კლასიცისტური ნაგებობა, სადღაც იქვე ათენასა და აპოლონის ქანდაკებების გვერდით კი, აბსტრაქტულ მონუმენტებს წააწყდეთ. ათენის ისტორიაც ისეთვე მრავალფეროვანია, როგორც მისი არქიტექტურა. ათენს ხან სპარსელები ეპატრონებოდნენ, ხან რომაელები, ხან სხვადასხვა ევროპული ტომები, ბოლოს კი თურქების გავლენის სფეროდ იქცა. მხოლოდ პართენონის მაგალითიც კმარა საიმისოდ, რომ ამ ქალაქის ბედსა თუ უბედობაზე დავფიქრდეთ. კლასიკური ათენის უმთავრესი სიწმინდე – ათენა პართენოსის ტაძარი ბიზანტიურ ეპოქაში ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა. როდესაც ათენი თურქებმა დაიპყრეს, პართენონს მინარეთი დაადგეს და ათენას ტაძარი მეჩეთად იქცა. ვენეციელთა შემოჭრისას პართენონმა იარაღის საწყობის ფუნქციაც შეითავსა. სწორედ თურქებისა და ვენეციელების ბრძოლისას ჩამოვარდნილმა ბომბმა იმსხვერპლა ტაძრის უდიდესი ნაწილი. უკვე სანახევროდ დანგრეულ პართენონს არც მძარცველთა ხელი დაკლებია. ლორდი ელჯინის მიერ პართენონის მარმარილოთა ინგლისში გაზიდვა დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩებათ ბერძნებს. აკროპოლისის ახალ მუზეუმში, მიუხედავად მათი შორსმყოფობისა, ყველა იმ ნივთისთვისაა ადგილი განკუთვნილი, რომლებიც თავის დროზე ლორდმა გაზიდა და დღეს ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ამ ადგილებს წარწერები აქვთ. ეს წარწერები იუწყებიან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ნიმუში განთავსდება. შეუპოვარი ხალხია ათენელები.

პართენონის ისტორია მთლიანად ასახავს ათენის ბედს – ქალაქისა, რომელმაც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მრავალჯერ დაეცა და აღსდგა და რომელიც დღემდე აოცებს სამყაროს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რაც უძველესი დროიდან მოყოლებული შეუქმნია და გადმოუცია ჩვენთვის. დღეს ათენის ცენტრში დგას აკროპოლისი, რომელიც მიუხედავად რთული ისტორიული წარსულისა, დღემდე ევროპული არქიტექტურის პირველ შედევრად ითვლება; მის ძირას მდებარეობს დიონისეს თეატრი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული პირველი თეატრალური ნაგებობაა; იქვე, ახლოს, შეგვიძლია მსოფლიოში არსებული პირველი „პარლამენტის“ ადგილსამყოფელიც მოვიხილოთ, არეოპაგთან ერთად, სადაც, ესქილეს გადმოცემის თანახმად, პირველი სასამართლო პროცესი შემდგარა.

ათენსა და საბერძნეთზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ამისათვის არც მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის განკუთვნილი პერიოდია საკმარისი და არც ცოდნა. ეს ის ქალაქია, რომელსაც ვერასდროს გაიგებ, თუ არ შეიგრძნობ. მის შესაგრძნობად კი მხოლოდ ერთი წამიც კმარა – მხოლოდ ერთხელ გასეირნება წმინდა გზაზე, ერთხელ ასვლა აკროპოლისზე და უსაშველოდ გაწოლილ ქალაქზე ერთხელ თვალის მოვლება, არეოპაგელის ბორცვიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მხოლოდ ერთხელ დანახვა, ან სულაც, კერამეიკოსის ნანგრევებში ჩაკარგული მდინარე ერიდანოსის ფსკერზე სიარული და დიონისეს თეატრის სიჩუმის მოსმენა. ეს წმინდა ქალაქია, რომელიც მაშინვე თავის ქურუმად გაქცევს, როგორც კი მის სიწმინდეს შეიგრძნობ. მერე კი აუცილებლად დაბრუნდები, რადგან ქურუმებს ღვთაებისგან დიდი ხნით განშორება არ შეუძლიათ, ეს მათ ძალებს აღემატება…

 

თათია მთვარელიძე

ელინისტი, ათენის ქართული ინსტიტუტის კონსულტანტი

 

 

ფოტომასალა:

© ავთანდილ მიქაბერიძე

© ნინო ქუთათელაძე