ინსტიტუტის შესახებ

ათენის ქართული ინსტიტუტი მრავალსაუკუნოვანი ბერძნულ-ქართული ურთიერთობებისა და საბერძნეთში არსებული ქართული კულტურის კერების სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეა.

ინსტიტუტი 1997 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ საქმიანობას. 

მდებარეობს ქ. ათენში, კეთილმოწყობილ ოფისში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სტანდარტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საკომუნიკაციო საშუალებებითა და მდიდარი წიგნადი ფონდით.

ინსტიტუტი აქტიურად ეწევა ქართული მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობისა და ქართველ ხელოვანთა, მწერალთა, მეცნიერთა მიღწევების  პოპულარიზაციას როგორც საბერძნეთის, ისე მთელი ევროპის მასშტაბით. ამასთანავე, ინსტიტუტის მიზანია ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს დაეხმაროს ბერძნული და ბიზანტიური კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის ხელოვნების შესწავლისა და კვლევის პროცესში.

ინსტიტუტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას აწარმოებს მის ბაზაზე არსებული ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის, საგამომცემლო პროგრამისა და წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის მეშვეობით.

ათენის ქართული ინსტიტუტი ღიაა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის შესაბამისი პროფილის როგორც ქართულ, ისე უცხოურ დაწესებულებებთან და ფიზიკურ პირებთან.