ათენის ქართული ინსტიტუტის ლოგო ბერძნული და ქართული არქეოლოგიური მასალის საფუძველზე შეიმნა. ლოგოს ფონად გამოყენებულია ბერძნული ტეტრადრაქმის ვიზუალი, რომელიც ათენში ძვ. წ. 510 წლიდან იყო მოიმოქცევაში. ბერძნული ტეტრადრაქმის ერთ მხარეს ათენაა გამოსახული, მეორე მხარეს კი ბუ – ათენასა და ქალაქ ათენის სიმბოლო. ათენური ბუს სიმბოლიკა, ერთი ვერსიით,  სიბნელეში ჭვრეტის უნართანაა დაკავშირებული, რაც თავისთავად სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ითვლებოდა ბუ სიბრძნის ქალღმერთ ათენას წმინდა ფრინველად. აქედან გამომდინარე სიბრძნის, ცოდნის, შემეცნების სიმბოლიკის მქონე მონეტა ათენის ქართული ინსტიტუტის ლოგოს ფონადაც იქცა.

ინსტიტუტის ლოგოზე, ათენური ტეტრადრაქმის ფონზე გამოსახული არწივი 1969 წლის ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ორი ოქროს არწივის ვიზუალს იმეორებს. ოქროს არწივები ძვ. წ. მე-5 საუკუნით თარიღდება. აღნიშნული არწივები ჰერალდიკური დანიშნულების უნდა ყოფილიყო და სარტყელის მოსართავად გამოიყენებოდა.

ინსტიტუტის ლოგოზე ასახული კოლხური არწივი ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ერთგვარ სიმბოლოდ შეგვიძლია მოვიაზროთ:

აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ თანახმად, კოლხეთში მიმავალმა არგონავტებმა იხილეს არწივი, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთესკენ მიფრინავდა. როგორც ბერძნული მითოლოგია გვამცნობს, კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთესგან ზევსი ცდილობდა მიეღო მისთვის უმნიშვნელოვანესი ცოდნა საკუთარი მომავლის შესახებ. ამ ცოდნის მისაღებად კი მიეღო ზევსი თავის წმინდა ფრინველს მიავლენდა კლდეზე მიჯაჭვულ ტიტანთან, ღვიძლის საკორტნად. აღნიშნული მონაკვეთის სიმბოლიკა მრავალმხრივ შეიძლება გავიაზროთ, თუმცა ერთი ვერსიით, არწივის მიერ პრომეთეს ღვიძლის კორტნა სხვა არაფერია თუ არა ზევსის მიერ პრომეთესგან საჭირო ცოდნის მიღების მცდელობა. ამდენად, არწივი საბერძნეთსა და კავკასიას შორის ცოდნის მიმოცვლის სიმბოლოდაც შეგვიძლია აღვიქვათ. სწორედ ამ სიმბოლიკით აღმოჩნდა კოლხური არწივი ათენის ქართული ინსტიტუტის ლოგოზე.

 

ათენის ქართული ინსტიტუტის მიზანი ბერძნულ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაგრძელებაა, რომელიც უმთავრესად, ცოდნის მომოცვლაში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე, ბერძნული ტეტრადრაქმის, როგორც სიბრძნის მომცველი სიმბოლოსა და კოლხური არწივის, როგორც ცოდნის მიმომტანის სიმბოლოს სინთეზი ათენის ქართული ინსტიტუტის მისიის ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ლოგოს იდეის ავტორი: თათია მთვარელიძე.

ლოგოს დიზაინის ავტორი: პაატა ნაცვლიშვილი.