7 სექტემბერს ათენის ქართულ ინსტიტუტში გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ტრადიციული საჯარო ლექცია-დისკუსია.

ლექციის თემას წარმოადგენდა “საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის”.

შეხვედრას ესწრებოდნენ ათენის სკოლების ქართველი მოსწავლეები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში გეგმავენ.

ლექცია-დისკუსია გაიმართა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, საზაფხულო სემინარების ციკლის – „საქართველო, საბერძნეთი და ევროპული ღირებულებები“ – ფარგლებში.

ლექცია-დისკუსიის მოდერატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის კონსულტანტი, თათია მთვარელიძე.

 

ათენის ქართული ინსტიტუტი წლებია წარმატებით თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი კახა შენგელია ყოველწლიურად სტუმრობს ინტიტუტს საინტერესო საჯარო ლექციებითა და სემინარებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართულა ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. მათ შორის, 2019 წლის იანვარში კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორისა და ბიზნეს-კონსულტანტის რუსუდან ჩაჩანიძის ტრენინგი თემაზე „ბიზნესის წამოწყება საქართველოში“, რომელიც ინსტიტუტის საგანმანათლებლო სემინარების ციკლის „როგორ დავიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. გასული წლების განმავლობაში, ინსტიტუტის შუამდგომლობით რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა კავკასიის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა, რამაც მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა.

ათენის ქართული ინსტიტუტი მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტსა და მის რექტორს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.