20 ოქტომბერს, ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ბაზაზე გაიმართა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის, პროფ. ლაშა კანდელაკიშვილის საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე „საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის“. თანამომხსენებელი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორი, პროფ. ალექსანდრე ნონეშვილი.

ღონისძიება ათენის ქართულ ინსტიტუტთან არსებული ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის სასაწავლო-შემეცნებითი პროგრამების ფარგლებში განხორციელდა და განსაკუთებით სასარგებლო აღმოჩნდა საბერძნეთის სკოლების ქართველი მოსწავლეებისათვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში გეგმავენ:
ბატონი ლაშა კანდელაკიშვილის ინიციატივით, „ევროპის უნივერსიტეტი“ გამოხატავს სურვილს, წვლილი შეიტანოს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საქმეში და საბერძნეთში მცხოვრები რამდენიმე წარჩინებულ ქართველ აბიტურიენტს მისცეს „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. კონკურსის წესით შერჩეული აბიტურიენტები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ მიიღონ უმაღლესი განათლება „ევროპის უნივერსიტეტის“ ნებისმიერ ფაკულტეტზე, ასევე ისარგებლებენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში.

რექტორის თქმით, თუ რომელიმე აბიტურიენტი გადაწყვეტს ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლას (მაგალითად, მედიცინის ფაკულტეტის პროგრამები), „ევროპის უნივერსიტეტი“ თავად უზრუნველყოფს მათ მომზადებას ინგლისურ ენაში და ამისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ქართველი აბიტურიენტების ინგლისურ ენაში მომზადება შესაძლებელი იქნება ათენშიც, რის ხარჯებსაც ასევე „ევროპის უნივერსიტეტი“ აანაზღაურებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის „კარიერის ცენტრი“ იზრუნებს შემდგომში კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ ქართულ პროფესიულ სივრცეში ინტეგრაციაზე.
„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ინიციატივას სიხარულით მიესალმება ათენის ქართული ინსტიტუტი, რომლის დირექტორმა, პროფ. ავთანდილ მიქაბერიძემ გამოხატა სრული მზადყოფნა საიმისოდ, რომ აღნიშნულ პროექტს სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ოფიციალურად დადასტურდა, ერთი მხრივ, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და ათენის ქართულ ინსტიტუტს შორის, ხოლო მეორე მხრივ, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ შორის მემორანდუმის გაფორმებით, რომელიც საკუთარი ხელმოწერებით განამტკიცეს დასახელებული ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა – პროფ. ლაშა კანდელაკიშვილმა და პროფ. ავთანდილ მიქაბერიძემ.

„ევროპის უნივერსიტეტის“ დელეგირებით, ათენის ქართული ინსტიტუტი შეიმუშავებს აბიტურიენტთა შესარჩევი კონკურსის პირობებს და პროექტს გაუწევს კოორდინირებას საბერძნეთის მხრიდან. კონკურსის პირობები და დეტალური ინფორმაცია „ევროპის უნივერსიტეტში“ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ათენის ქართულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმი გარდა აღნიშნული პროექტისა, სხვა მიმართულებებით თანამშრომლობასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშნველოვანი საქმის განხორციელება იგეგმება.
საგულისხმოა, რომ ათენის ქართულ ინსტიტუტსა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აქვთ ბევრ უცხოურ და ქართულ აკადემიურ ინსტიტუტთან თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან, მათ შორის, ძალზე თანმიმდევრული თანამშრომლობა აქვს „კავკასიის უნივერსიტეტთან“ და „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“.
„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის, ბატონი ლაშა კანდელაკიშვილის ინიციატივა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი აბიტურიენტებისთვის საქართველოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე, ეროვნული მნიშვნელობის ნაბიჯს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ეს ინიციატივა ერთგვარ მაგალითად შეიძლება იქცეს სხვა ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. სხვა უნივერსიტეტების მხრიდან აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ათენის ქართული ინსტიტუტი სრულ მზაობას გამოხატავს მათთან თანამშრომლობისათვის.
ათენის ქართული ინსტიტუტი, განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ მადლობას უხდის „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორს, ბატონ ლაშა კანდელაკიშვილს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის.