ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შაბათს 26 ოქტომბერს, გაიმართა შემეცნებითი ლექცია-შეხვედრა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „კავკასიას“ სტუდიების აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან.

საღამო გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიესალმა ათენის ქართული ინსტიტუტისა და „კავკასიას“ დამფუძნებელმა, დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძემ.

შეხვედრას, რომელიც ორ ჯგუფისთვის გაიმართა, უძღვებოდნენ ათენში მოღვაწე პროფესიონალი ქორეოგრაფები – ეკა გიგოლაშვილი და შოთა ცქვიტიშვილი.

აღნიშნული ღონისძიებით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ სასარგებლო და საჭირო ტრადიციას უცხოეთის ქართულ დიასპორაში, კერძოდ, ქართული ცეკვისა და სიმღერის პრაქტიკული გაკვეთილების გარდა, ემიგრანტი ბავშვები, სავალდებულო პროგრამის ფარგლებში, თვეში ერთხელ გაეცნობიან ქართული ფოლკლორის თეორიულ მხარესაც, მოისმენენ საუბრებს და ნახავენ საილუსტრაციო მასალას, ქართული ფოლკლორის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების შესახებ.

ამჯერად საუბრის თემა იყო საზეიმო და რიტუალური „ცეკვა ქართული“, რომელიც მთელი საქართველოს კუთვნილებაა და კუთხურობა არ გააჩნია. ის მთელს საქართველოში დაახლოებით ერთნაირად სრულდებოდა და სრულდება დღესაც.

როგორც ცნობილია, ქართული ფოლკლორის უნიკალური ხასიათის გამო შეიტანა unesco-მ ქართული პოლიფონიური სიმღერა და, სულ ახლახან, „ცეკვა განდაგანა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში.

პირველი შეხვედრა და თეორიული ლექცია-საუბარი ქართული ფოლკლორის შესახებ, ძალიან საჭირო, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისათვის.